ევროპის რომელ ქვეყნებში შეგიძლიათ უვიზოდ მოგზაურობა?
უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე შემდეგ ქვეყნებში: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი, ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, შვეიცარია, ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია;
- რამდენი ხნით შეგიძლიათ შენგენის ზონაში უვიზოდ დარჩენა?
საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ განახორციელონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტები; მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღით დარჩენას ევროპის ტერიტორიაზე ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.
- რა მიზნით შეგიძლიათ მოკლევადიანი ვიზიტით წასვლა ევროპაში?
მოკლევადიანი ვიზიტი შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა მიზნით: ტურისტული, ოჯახის წევრების/ახლობლების/მეგობრების მონახულება, ბიზნეს-შეხვედრები, მოკლევადიანი სასწავლო და გაცვლითი პროგრამები/ტრეინინგი, კურსები, მკურნალობა და სხვა. ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს;
განათლების მიღების, მუშაობის ან სხვა გრძელვადიანი ვიზიტის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს ვიზის მისაღებად.
- რა კითხვა შეიძლება გაუჩნდეს მესაზღვრეს საზღვრის კვეთის დროს?
ყველა მესაზღვრეს აქვს კანონით მინიჭებული უფლება უარი უთხრას მგზავრს საზღვრის გადაკვეთაზე. მესაზღვრეს შესაძლებელია გაუჩნდეს დამატებითი შეკითხვა თქვენი მოგზაურობის დანიშნულების შესახებ, სად აპირებთ გაჩერებას (კონკრეტრული მისამართი და სასტუმროს დასახელება), რა ადგილების მონახულებას აპირებთ მოგზაურობის დროს და ა.შ.
- რა საბუთები უნდა იქონიოთ თან საზღვარზე წარსადგენად?
- მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს 6 თვეზე ნაკლები საქართველოში დაბრუნების დღისთვის.
- უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;
- სასტუმროს გადახდილი ჯავშანი;
- სამოგზაურო დაზღვევა;
- მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი. ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული თანხა არ აღემატება დღეში 50 ევროს;
- შესაბამისი მოწვევა სხვადასხვა ღონისძიებებში. კონფერენციებში და სემინარებში მონაწილეობის დროს;
- ნათესავების/მეგობრების მონახულების დროს მიმღები პირის საკონტაქტო მონაცემები, ასევე, იმ პირის ბინადრობის ნებართვის ან ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი;
- სამკურნალო მიზნით გამგზავრების დროს იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში; მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი.