მწვანე ბარათი ანუ Green Card, აშშ-ს საემიგრაციო სტატუსის დამადასტურებელი ბარათის არაფორმალური სახელია. ამ სტატუსს აშშ-ს მუდმივი რეზიდენტი ეწოდება და მფლობელს უფლებას აძლევს, ლეგალურად იცხოვროს და იმუშოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისარგებლოს სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით, მიიღოს კრედიტი შეღავათიანი პირობებით და ჰქონდეს აშშ-ს სოციალური დაზღვევის ნომერი (Social Security Number).
• მწვანე ბარათის ფლობა არ ნიშნავს აშშს მოქალაქეობის მიღებას.მოქალაქეობა ცალკე მდგომი, უმაღლესი სტატუსია. მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის მიღებაც შეუძლია, მაშინ, როცა მწვანებარათის მფლობელს ამის უფლება არ აქვს. მოქალაქეობის მოპოვება უფრო რთული პროცესია.
• ე.წ. მწვანე ბარათის ლატარია, ოფიციალურად კი “მრავალფეროვანი იმიგრაციის სავიზო პროგრამა” აშშ-ს კონგრესის დამტკიცებული გათამაშებაა, რომელსაც წელიწადში ერთხელ აშშს სახელმწიფო დეპარტამენტი ატარებს.
• ყოველწლიურად ამ ლატარიით 50 ათასი მწვანე ბარათი თამაშდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც. პროგრამის მიზანი აშშ-ს მოსახლეობის მრავალფეროვნების შენარჩუნებადა სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის, აშშ-ში ლეგალურად ცხოვრებისდა მუშაობის უფლების მინიჭებაა.
• გრინ ქარდის გათამაშებაში მონაწილეობის მიღება ძალიან მარტივია. საკმარისია, იცოდეთ ელემენტარული ინგლისური, რათა შეავსოთ გათამაშების ოფიციალური ფორმა.
• ფორმა ივსება მხოლოდ და მხოლოდ ერთ საიტზე და მისი მისამართია www.dvlottery.state.gov. ეს არის ერთადერთი ოფიციალური საიტი და მხოლოდ აქ შევსებულ ფორმაზე გაქვთ სრული გარანტია, რომ თქვენი მონაცემები გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. რეგისტრაცია უფასოა.
• გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს. სავალდებულოა აკმაყოფილებდეთ მხოლოდ ერთ პირობას ამ ორიდან:
• გქონდეთ დამთავრებული საშუალო სკოლა, მინიმუმ 11 კლასი; ან გქონდეთ მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი სტაჟი უკანასკნელი 5 წლის მანძილზე, აშშ-სთვის საინტერესო სფეროებში. გაითვალისწინეთ, რომ სკოლის დამთავრების ან სამუშაო სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტები მონაწილეობის ფორმის შესავსებად საჭირო არ არის. ფორმის შევსებით თქვენ უბრალოდ ეთანხმებით, რომ ამ ორი მოთხოვნიდან ერთ-ერთს მაინც აკმაყოფილებთ. საბუთების წარდგენა მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში გახდება საჭირო.
• რა მონაცემებია საჭირო ფორმის შესავსებად?
ფორმაში ვუთითებთ ძირითად მონაცემებს თქვენ შესახებ:
- სახელი, გვარი,დაბადების თარიღი და ადგილი, მისამართი და ტელეფონის ნომერი.
- ხართ თუ არა ქორწინებაში.
- რა ტიპის განათლება გაქვთ მიღებული.
• ასევე საჭიროა ფოტოსურათი.
ფოტო უნდა იყოს ე.წ. “საბუთის ფოტო”, კონკრეტულ ზომაში და პარამეტრებში. ყველგან, სადაც საბუთის ფოტოებს იღებენ, ეს მოთხოვნები უკვე იციან. უბრალოდ ეტყვით, რომ მწვანე ბარათისთვის გჭირდებათ ფოტო და ყველაფერს თავად მიხედავენ. ასევე, ეს მოთხოვნები თქვენც გაითვალისწინეთ და გადაამოწმეთ, ხომ არ არღვევს რომელიმე პირობას თქვენი ფოტო:
• ფოტო უნდა იყოს ფერადი, კვადრატული, ზომით 600 პიქსელი 600პიქსელზე.
• ფაილი უნდა იყოს მაქსიმუმ 240 კილობაიტის (kb) ზომის, JPGფორმატში.
• თქვენი სახე (ნიკაპიდან შუბლამდე) უნდა იკავებდეს მთელი ფოტოს სიმაღლის 50%-დან 69%-მდე ნაწილს.
• ფონზე უნდა იყოს ნეიტრალური, თეთრი ფერი, კედელზე არ უნდა ეცემოდეს თქვენი ჩრდილი.
• უნდა იყურებოდეთ პირდაპირ კამერაში, არ უნდა იღიმოდეთ ან იბღვირებოდეთ, მიიღეთ ნეიტრალური სახე.
• ფოტოს გადაღებისას, ჩაიცვით ჩვეულებრივი ტანსაცმელი, განსაკუთრებულად გამოწყობა საჭირო არ არის.
• არ შეიძლება გეცვათ სამხედრო, პოლიციის ან სხვა სპეციალური უნიფორმა. არ შეიძლება გეხუროთ ქუდი ან ნებისმიერი სხვა თავსაფარი.
• ნებისმიერი ასაკის ბავშვის ფოტოში უნდა ჩანდეს მხოლოდ ბავშვი. არ შეიძლება ფოტოში ბავშვთან ერთად ჩანდეთ თქვენ ან ვინმე სხვა.
• წელს შემოღებული ახალი წესით კი, ფოტოს გადაღება სათვალეებით უკვე აღარ შეიძლება.
• აუცილებლად დაუკვირდით, როგორ წერთ სახელსა და გვარს —ფორმაში ეს ველი უნდა შეავსოთ ზუსტად ისე, ლათინური ასოებით,როგორც ეს პასპორტში წერია.
• გაითვალისწინეთ, რომ მეუღლის და შვილების შესახებ ინფორმაციის შევსება სავალდებულოა. გამარჯვების შემთხვევაში, თქვენთან ერთად მწვანე ბარათს მიიღებენ მეუღლეც და შვილებიც 21 წლამდე. თუ ფორმის შევსებისას მათ მონაცემებს არ ან არასწორად მიუთითებთ, ისინი ამ შანსს დაკარგავენ.