info@kingtour.net2 11 07 47

სამედიცინო ტურიზმი

“ქინგ ტურის” გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მგზავრები ჯანმრთელები და ბედნიერები იყვნენ. მაგრამ ჯანმრთელობის შენარჩუნება, ხშირად კი მკურნალობაც ჩვენი ცხოვრების თანამდევი პროცესია. სწორედ ამიტომ, ჩვენ  ვცდილობთ, აქტიურად ვიყოთ ჩართულნი ასევე სამედიცინო ტურიზმის განვითარების კუთხით მიმდინარე პროცესებში და მოგზაურობასთან, დასვენებასთან კომბინირებული სამოგზაურო პაკეტები შემოგთავაზოთ.

სამედიცინო ტურიზმი შედარებით ახალი, მაგრამ სწრაფად განვითარებადი დარგია. მისი ზრდის ტემპები ტურიზმის სხვა სეგმენტებს შორის ყველაზე მაღალია. სამედიცინო ტურიზმმა წარმოშვა თანამედროვე ჯანმრთელობის ახალი კონცეფცია: როდესაც პაციენტი თავის ქვეყანაში ვერ გადაჭრის ჯანმრთელობის პრობლემას,  იგი ირჩევს მისთვის სასურველ ქვეყანას, ექიმს, კლინიკას, სადაც მას შესთავაზებენ ყველაზე თანამედროვე სამკურნალო-დიაგნოსტიკურ მეთოდებს ხელმისაწვდომ ფასად. 

შესაბამისად, სამედიცინო ტურიზმი გულისხმობს პაციენტების საზღვარგარეთ მოგზაურობას სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით. თუმცა, იგივე მიზნით ადამიანები შეიძლება გადაადგილდნენ საკუთარი ქვეყნის შიგნითაც. 

სამედიცინო ტურიზმის განვითარებას განაპირობებს სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული სამედიცინო მომსახურების ხარისხი, ხელმისაწვდომობა და ფასი. სამედიცინო ტურიზმის რამდენიმე ძირითადი მოტივი შეიძლება გამოვყოთ:
  • საზღვარგარეთ ანალოგიური სერვისის დაბალი ღირებულება;
  • თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები;
  • მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარება;
  • დროის ფაქტორი (მკურნალობის ხანგრძლივი ლოდინი საკუთარ ქვეყანაში);
  • საკუთარ ქვეყანაში საჭირო სერვისის არ არსებობა.
კვლევების თანახმად, პაციენტების 42% საზღვარგარეთ მიემგზავრებიან მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურების მისაღებად, რესპოდენტთა 33 %-ს სურს მიიღოს მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დახმარება, 15 %-ს არ სურს სამედიცინო მომსახურების მისაღებად მოცდის სიებში დიდხანს ლოდინი და ცდილობს მის დროულად და სწრაფად მიღებას, ხოლო 10%-თვის მნიშვნელოვანია დაბალი ფასები. თუმცა, კვლევის შედეგები საშუალო მაჩვენებლებია, რომლებიც შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა ქვეყნებში.

სამედიცინო ტურიზმის  განვითარებას ხელს უწყობს ის გარემოება, რომ განვითარებულ ქვეყნებში გაიზარდა სამედიცინო მომსახურების ფასები. პაციენტები ცდილობენ იმ ქვეყნებში ჩაიტარონ სამედიცინო მომსახურება, სადაც იგი გაცილებით იაფია. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ სამედიცინო ტურისტები ძირითადად განვითარებული ინდუსტრიული ქვეყნებიდან არიან, რომლებიც  განვითარებად ქვეყნებში ჩადიან შედარებით იაფი სამედიცინო მომსახურების გამო. მაგალითად, კარდიოქირურგიული ოპერაცია აშშ-ში 200000 დოლარი ღირს, მაშინ როდესაც მსგავსი სერვისი ინდოეთში 25 000 დოლარია. საქართველოში სამედიცინო და გამაჯანსაღებელი მომსახურება 3-ჯერ უფრო იაფია ვიდრე ისრაელში, 5-ჯერ უფრო იაფია ვიდრე ევროპაში და 10–ჯერ უფრო იაფია ვიდრე ამერიკაში.



ქინგ ტურის გუნდი ეცადა, რომ სწორედ იმ ქვეყნებში მოეპოვებინა სტრატეგიული პარტნიორები, რომლებსაც ქართველი პაციენტები სამკურნალოდ ყველაზე ხშირად მიმართავენ: თურქეთს, ან გერმანიას და ისრაელს.

ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი გუნდის ძლიერი მხარეა ისიც, რომ ცალკეული პირები შეიძლება დაინტერესდნენ მკურნალობის შეთავსების შესაძლებლობით სხვა ქვეყნებში ტურისტული მოგზაურობის პროგრამებთან. ზოგიერთ შემთხვევაში, პაციენტები დაინტერესებულნი არიან მკურნალობის სრული ანონიმურობის დაცვით, რაც ქინგ ტურთან ერთად, გარანტირებულია.

სამედიცინო ტურიზმის სახეობაა ტელემედიცინაც, როდესაც პაციენტები სამედიცინო მომსახურებას იღებენ დისტანციურად. ამ მიზნით, ქინგ ტური ონლაინ კონსულტაციების და საჭირო დახმარების გასაწევად, უწყვეტ რეჟიმში თანამშრომლობს ქართველ და უცხოელ ექიმებთან.

არსებობს საგანმანათლებლო სამედიცინო ტურიზმი, როდესაც კონკრეტულ ქვეყანაში შესაბამის სამედიცინო განათლებას ვერ იღებენ, მიდიან სხვა ქვეყანაში ან როდესაც სამედიცინო პერსონალი მოგზაურობს კვალიფიკაციის ამაღლების, პრაქტიკის მიღების მიზნით. “ქინგ ტური” დაგეხმარებათ საგანმანათლებლო მიზნით, ნებისმიერ სახლემწიფოში წასვლის მსურველებს და სრულ საკონსულტაციო-სავიზო-სააპლიკაციო მომსახურებას გაგიწევთ.

ინტერნეტში სამედიცინო ტურიზმის შესახებ ინფორმაციის მოძიების შემდეგ, ტურისტების უმრავლესობა მიმართავენ შუამავლებს, რომლებიც მათ ეხმარებიან სამედიცინო ცენტრებთან კომუნიკაციის დამყარებაში. გამოკითულთა 61%-ის შეაფასებით შუამავალი ორგანიზაციების როლი "ძალიან მნიშვნელოვანია", 27%-ის აზრით - "მნიშვნელოვანი", 10%-ის ცნობით - "საშუალოდ მნიშვნელოვანი“, და მხოლოდ 2%-ის აზრით მათი როლი "უმნიშვნელოა." კვლევები აჩვენებენ, რომ პაციენტების დაახლოებით 85% კმაყოფილია სამედიცინო ტურიზმის შედეგად შემოთავაზებული მკურნალობის შედეგებით.

“ქინგ ტურის” გუნდი კარგად აცნობიერებს და მისთვის ცნობილია, რომ საქართველოს სამკურნალო ტურიზმის მიმართულებით გააჩნია საკმაოდ დიდი პოტენციალი. ამ მხრივ, ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, შიდა სამედიცინო ტურიზმის განვითარების გზების მოძიება, მათი პოპულარიზაცია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში ჩამოსული სტუმრებისთვის ამ სიმდიდრის დროული და სწორად შეთავაზება, მით უფრო, რომ ჩვენი ქვეყანა  ძალზედ მდიდარია საკურორტო ადგილებით. დღეისათვის აღირიცხება 102 კურორტი და 182 საკურორტო ადგილი, რომლებსაც მომხმარებლებისათვის სხვადასხვა დაავადებათა მკურნალობის, რეაბილიტაციისა და გაჯანსაღების შეთავაზება შეუძლიათ. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოში მსოფლიოში არსებული ყველა სამედიცინო პროფილის კურორტია, სადაც არსებობს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები – მინერალური წყალი, ტალახი, გამაჯანსაღებელი ჰავა და აუცილებელი პირობები მათი სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით გამოყენებისთვის.

საქართველოში შესაძლებელია სამედიცინო ტურიზმის ისეთი სპეციფიკური სახეების განვითარება, როგორიცაა, კლიმატური (მთის, ზღვის სანაპირო, ტყის და ველის კურორტები)  და ბალნეოლოგიური კურორტები (სასმელი წყლისა და აბაზანებით სამკურნალო). ისინი ოდითგანვე წარმოადგენდნენ ქვეყნის ტურისტულ ღირსებას. კლიმატურ კურორტებს შორის შეიძლება გამოვარჩიოთ: ბორჯომი, წყალტუბო, ქობულეთი, აბასთუმანი, ახტალა, ბაკურიანი, ბათუმი, ბახმარო, მწვანე კონცხი, ნაბეღლავი, საირმე, პატარა ცემი, სურამი. ბალნეოლოგიურ კურორტებს შორის აღსანიშნავია თბილისი, ბორჯომი, საირმე, წყალტუბო, ნუნისი, ურეკი, გრიგოლეთი, უწერა, ცაიში, ციხისძირი, ცემი, წაღვერი, შოვი, ჯავა და სხვა მრავალი.

მთის ჰავა გამოირჩევა სუფთა ჰაერით, მზის, განსაკუთრებით – ულტრაიისფერი სხივების ინტენსიური რადიაციით, დაბალი ბარომეტრული წნევით და ჟანგბადის გაცილებით მაღალი შემცველობით. მთის კლიმატის ბიოლოგიური მოქმედება მრავალფეროვანია: ამშვიდებს და ტონუსს ჰმატებს ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს სასიცოცხლო პროცესების რეგულაციას, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, სუნთქვის ფუნქციას, სისხლის მიმოქცევასა და საჭმლის მონელებას; ზრდის ორგანიზმის იმუნიტეტს სხვადასხვა დაავადების, მათ შორის, ინფექციური პათოლოგიების მიმართ; ამ ფაქტორის გამო მთის კურორტებზე დასვენება ახდენს მატონიზებელ და გამაკაჟებელ ეფექტს ადამიანის ორგანიზმზე.  

შავი ზღვის კლიმატი ნოტიო-სუბტროპიკულია. ზღვის ჰავას გააჩნია სამკურნალო თვისებები. იგი წარმატებით გამოიყენება სისხლის მიმოქცევისა და სასუნთქი ორგანოების დაავადებების დროს, ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევის სამკურნალოდ. ზღვისპირა კუროტებიდან თავისი მნიშვნელობით, მაგნიტური ქვიშებითა და დასვენებისა და გაჯანსაღებისათვის შესანიშნავი კლიმატური პირობებით გამოირჩევა ურეკი. ურეკის დადებითი სამკურნალო ფაქტორებიდან შეიძლება, გამოვყოთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ცენტრალური ნერვული სისტემის, ფუნქციური დაავადებების, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის და სხვა დაავადებათა სამკურნალო ეფექტი.

საქართველოში, დაახლოებით 2000 მინერალური წყაროა, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებულია გაზიანი მინერალური წყლები. ასეთი წყლები საჭმლის მონელების სისტემის, ენდოკრინული სისტემის, ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა დარღვევების სამკურნალოდ  გამოიყენება. მინერალური წყლების კურორტებიდან შეიძლება დავასახელოთ ბორჯომი, საირმე, ლებარდე, უწერა, შოვი.

ტალახით სამკურნალო კურორტებიდან გამოირჩევა ახტალა, რომლის ფსევდოვულკანურ სამკურნალო ტალახს იყენებენ აბაზანებისთვის, აპლიკაციებისა და ტამპონებისთვის. ახტალაში იკურნება მოძრაობის ორგანოთა ქრონიკული, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიური დაავადებები.

“ქინგ ტური” ჯანმრთელობას გისურვებთ.

ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე. არ ვცდილობთ, მოგყიდოთ ჩვენი პროდუქტი. ჩვენ უბრალოდ მოგიყევით, რა შეგვიძლია ჩვენ. და თუ ამ მიმართულებით დახმარების  საჭიროება თქვენს ცხოვრებაში დადგება, თქვენ იცით, სად უნდა გვიპოვოთ...